(ლეიკემია)
ცხოვრებაში უამრავი რამ მინახავს, გამიგია, გამომიცდია, ხუმრობა ხომ არ არის სპეცსამსახურის თანამშრომლობა მათ შორის ორი ორდენის კავალერობა? ბევრჯერ მიფიქრია, შეიძლებოდა მოსულიყო დრო და დამეწერა ჩემი განვლილი გზა თავისი საიდუმლოებებით (ცხადია სახელმწიფო საიდუმლოს გარდა) თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს პირად ტკივილს თუ გავუზიარებდი საჯაროდ ვინმეს, ჩემი განვლილი გაჭირვებული დღეების მაგალითზე ბლოგის წერას გადავწყვეტდი რათა დავხმარებოდი ვინმეს და ასევე ჩემს თავსაც მე ხომ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამ კოშმარს, მე ხომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მოვიდოდა დრო როდესაც ჩემი შვილის სიცოცხლისთვის მომიწევდა ბრძოლა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ისეთი ვერაგი დაავადება როგორიც ლეიკემიაა ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდებოდა თუმცა არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. მახსოვს ერთი კვირით ადრე ფბ-ს ვსქროლავდი სადაც შემხვდა ნიუსი ლეიკემიის შესახებ. გადავიკითხე ავწიე თავი საკუთარ თავში დარწმუნებულმა და მამაჩემს ვუთხარი „აი ეს ის დაავადებაა რომელიც ჩემს შვილს არასოდეს შეხვდება“ (არადა იმ დროს უკვე ჰქონია) შემდეგ კი ყველაფერი ასე დაიწყო: ახალ წლებზე გადავწყვიტე ბავშვი ჩემი მშობლების რაიონში წამეყვანა. მინდოდა თოვლი ენახა ( ძალან მომწონდა მისი რეაქციებისთვის და ახალი შეგრძნებებისთვის თვალყურის დევნება). მართლაც რამდენიმე დღეში დიდი თოვლი მოვიდა. გადავწყვიტე თოვლის ბაბუის გაკეთება რადგან ანიმაციურ ფილმებში სულ დიდ ყურადღებას აქცევდა. სანამ ვაკეთებდი სულ ხელში აყვანას მთხოვდა, გამიკვირდა რადგან უკვე კაი ხანი რაც დამოუკიდებლად დაიწყო სიარული და ხელში აყვანა აღარ მოუთხოვია. ვიფიქრე ალბათ ყურადღება მოაკლდა და რაღაცეებს იგონებსთქო. დედაჩემს ვთხოვე ცოტა ხანი გაერთო სანამ თოვლის ბაბუას დავასრულებდი. თან ვფიქრობდი პატარა შტერუკაა ნეტა იცოდეს ახლა რას ვუკეთებ გავაკეტებ და მაგრა გაუხარდებათქო. როდესაც მოვრჩი და გავაკეთე ყურადღებაც არ მიუქცევია ისევ ხელში აყვანას მთხოვდა... ზოგადად ცელქი და ენერგიული ბავშვი იყო შესაბამისაც ხან იქცეოდა, ხან რაღაცეებს ეჯახებოდა თუთოეული სილურჯე (ე.წ. სინიაკი) ვიცოდი საიდან ჰქონდა, მაგრამ თვალში მომხვდა ის რომ სილურჯეები არ ურჩებოდა პირიქით თითქოს უფრო და უფრო უმუქდებოდა კიდეც (სწორედ ეგ ყოფილა ლეიკემიის პირველი სიმპტომი და ფეხების ტკივილი რომელიც ცხადია არ ვიცოდი) თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.
რამდენიმე დღეში სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა ნიუსებმა „ღორის გრიპის“ შესახებ. კარგად მახსოვს სათაურები ,, დაიღუპა გოგონა 5 დღით დაგვიანებული მკურნალობის გამო“ სულ ვკითხულობდი და განვიცდიდი მათ მდგომარეობას რამდენიმე პოსტიც კი მივუძღვენი. უცებ ჩემს შვილს სიცხემ აუწია. სასწრაფოდ მივიყვანე ექიმთან ( როგორც წესი არ მიყვარს ექიმის გარეშე მედიკამენტების მიცემა), ღორის გრიპი ეგრევე გამორიცხეს, რადგან რაიონში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. მითხრეს რომ ეს იყო ანგინა ყელში ჰქონდა ჩირქი და სიცხეებიც მაქედან მოდიოდა, გამოუწერეს ანტიბიოტიკები. გავიდა ორი დღე სიცხემ არ დაუწია, სხვა ექიმთან მივიყვანე, მანაც იგივე დიაგნოზი დასვა თუმცა უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნა, კიდევ ორი დღე გავიდა მდგომარეობა არ შეცვლილა. გადავრეკე თბილისში მის პირად ექიმთან, რომელმაც მითხრა რომ ასე ვერაფერს მეტყოდა სისხლის ანალიზი უნდა ამეღო და იმის მიხედვით მეტყოდა როგორ მოვქცეულიყავი ჩავსულიყავი თბილისში თუ გამეგრძელა იგივე სახით მკურნალობა. მეორე დღეს მართლაც მივიყვანე სისხლის ანალიზზე, მითხრეს რომ პასუხი ერთ საათში იქნებოდა. დაახლოებით 15 წუთში მორბის ჩემი ბიძაშვილი და მეუბნება რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ (სწორედ ეს იყო თავზარი). ვეკითხები რატომ, რა მოხდა. არ ვიცი ექიმმა მითხრა რომ ცუდი ანალიზებია სასწრაფოდ ამ წუთშივე წაიყვანეთო, არც ექიმებმა იციან უბრალოდ მითხრეს რომ რაღაც საშინელი ანალიზებია. შეშლილი სახით მანქანას ამზადებდა, გიჟებივით ჩავსხედით მანქანაში, მოვდივართ ათასი რამ მიტრიალებს თავში. სულ ის მახსენდება ღორის გრიპით 5 დღეში რომ რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა. წამდაუწუმ ვეკითხები ჩემს ბიძაშვილს მითხარი მუ მიმალავ ღორის გრიპია? ის კი კვლავ მიმტკიცებს რომ არ იცის. ისევ ჩემს ფიქრებში ვარ. მე ხომ ვიცი რომ ჩემი შვილიც 5 დღეზე მეტია ავადმყოფობს. ერთი სული მაქვს ჩავიდე თბილისში, გზაც იწელება. კი მივდივარ თბილისში სად წავიდე? გადავრეკე მეგობართან ვუთხარი რომ სავარაუდოდ ღორის გრიპი აქვს, რომელმაც მირჩია მივსულიყავი იაშვილის კლინიკაში. მივედით. სასწრაფოდ განათავსეს რეანიმაციაში. ვტირივარ, პირველად ჩემს ცხოვრებაში ღმერთს ვთხოვ დახმარებას ზუსტად ისე წყალწაღებული ხავსს რომ ეკიდება. ამ დროს მახსენდება რომ რამდენიმე საათში მისი მეორე დაბადების დღე დგება და ეს უფრო მაგიჟებს, რადგან მინდა შეხვდეს და შეხვდეს ბევრჯერ და დიდხანს იცოცხლოს...
უამრავი ანალიზი გაუკეთეს. ღორის გრიპის ანალიზიც აუღეს თუმცა პასუხს დრო უნდოდა. დრო კი არ გვქონდა ამიტომ დაუყონებლივ დაიწყეს მასზეც მკურნალობა (მოგვიანებით დადასტურდა რომ ნამდვილად ღორის გრიპი ჰქონდა). ამასობაში მოდის კლინიკის დირექტორი და მეუბნება რომ საქმე იმაზე სერიოზულად არის ვიდრე ღორის გრიპია. სისხლი არ მოგვწონს და სასწრაფოდ უნდა შევიდნენ ძვლის ტვინში და გაუკეთონ დამატებითი კვლევები თუმცა ეჭვი რაზე ჰქონდათ არ მითხრეს.
მირეკავდნენ ახლობელები (საახლობლო წრე მართლაც დიდი და მრავალფეროვანი მაქვს) მეუბნებოდნენ რომ კარგად იცნობენ ექიმებს გაარკვევენ მდგომარეობას და გამაგებინებენ თუმცა მერე აღარავინ აღარ მირეკავდა. ეს უფრო მაშინებდა, რადგან ვხვდებოდი რომ არ უნდოდათ ცუდი ამბავი მათგან გამეგო. მოვიდა საღამო. მოდის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ექიმი (თაკო). მშვიდი ინტონაციით მიხსნის რაღაცას, რომელსაც ვერ ვიგებ, რადგან აზრზე არა ვარ სამედიცინო ტერმინოლოგიის. ბოლოს ვუთხარი რომ ვერ გავიგე რას მეუბნებით ერთადერთი რასაც მივხვდი სისხლთან არის დაკავშირებული მე კი სისხლზე მხოლოდ ლეიკემია მაქვს გაგებული ისიც ზოგადად და დარწმუნებული ვარ ეგ არ იქნებათქო, რაზეც მიპასუხა რომ კი სწორედ ეგ არის მაგას გიხსნიდითო. მერე აღარფერი მესმოდა ისე წავიდა აღარაფერი გამიგია მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობას ვხედავდი... დაიწყო ჯოჯოხეთი, ეს იყო მეორე დარტყმა იმ მოკლე პერიოდში. ლეიკემიაზე მხოლოდ დახმარებაზე განცხადებები მახსენდებოდა, რომელშიც კოლოსალურ თანხას ითხოვდნენ შვილის გადასარჩენად, რათა წაეყვანათ საზღვარგარეთ და ემკურნალათ. აქ სულ გავგიჟდი სად უნდა მენახა ასობით ათასი ლარი, ან სად უნდა წამეყვანა ასე უცებ. ამასობაში დამიძახა კლინიკის დირექტორმა და სწორედ იქ და იმ დროს გავიგე რომ საქართველოში, (იაშვილის კლინიკაში) ლეიკემია იმკურნება და სრულიად უფასოდ. ასე დაიწყო ყველაფერი. ახლა კი ერთი სული მაქვს როდის დავწერ სიტყვებს ,,დავამარცხეთ“ .
მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს. გადავწყვიტე ნელ ნელა მოგითხროთ რათა არ გადაგღალოთ (მეც არ მიყვარს დიდი ტექსტების კითხვა). თქვენ კი თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მკითხოთ ნებისმიერი რამ ამ თემაზე და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ.
Comments