ვაგრძელებ სოციალურ ქსელში ,,მემორისთვის“ დაწერილი პოსტების ჩემს ბლოგში დაარქივებას.
1.
დილიდან შემოვიდა მეზობელი საშინელი ხველებით. გამისკდა გული მივეცი პირბადე და ისე დავსვი. მგონი ცოტა გატეხილშიც წავიდა მაგრამ რა ვქნა ავუხსენი რომ საშიშია ჩვენთვის ვირუსი (თუმცა ადრეც მქონდა ნათქვამი).
ცოტა ხნის მერე კარებზე ისევ კაკუნი ისმის. ვიფიქრე არ გავაღებ ვითომ ვერ გავიგე ან სახლში არავართქო და აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა? ჩემი შვილი ბოლო ხმაზე: ,,დეეე კარებზე კაკუნია? ჩქარა დეე..." კაკუნი არ წყდება და ესეც უფრო და უფრო უმატებს ხმას. მივიდა კარებთან და უყვირის: ,,რომელი ხარ?" თან პარალელურად მეც მიყვირის ,,მოდიი გააღეე"...
ბოლოს გავაღე რა უნდა მექნა. გაზის ინკასატორი იყო.
2.
მის პირად ექიმს გულიკო ჰქვია ანუ შესაბამისად როგორც ,,გულიკო ექიმს" ისე იცნობს.
პერიოდულად დეპარტამენტის ყველა ექიმი ერთად მოდის შემოწმებაზე (შემოვლაზე). დღეს სწორედ ეგ დღე იყო გავიდნენ და მეუბნება: დეე ყველა გულიკო იყო მოსული?
3.
დე მამიკო გულაობს?
გამოვშტერდი ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა ან რა გულაობა სად გაიგო ეს სიტყვა. მივაყარე კითხვები:
-დერეფანში დადის?
-არა
-მანქანით კატაობს?
- არა
- გარეთ სეირნობს?
- არა შენს ტელეფონში იგულავა.
4.
წამლებს არ სვამს. ვყიდულობ ,,სიროპებს" და ვეუბნები რომ კანფეტია :)) მოკლედ მთელი წელი ასე მოვედით :) ახლა დედაჩემმა კანფეტები მოუტანა ჭამს და ამბობს: დეე მაგარი წამალია :)) არ არის წამალი კანფეტიათქო ვუმტკიცებ და ცოცხალი თავით არ მნებდება. კანფეტი ის არისო და ეს წამალიაო :)
5.
'საუბარს მოჰყვა და ექიმმა წაუსვი მანიკურები ცოტას გახალისდებაო (მიმე ქიმიოთერაპიების კურსის დროს). გადაირია სიხარულისგან რომ გაიგო. მოკლედ წავუსვი და ვუთხარი ცოტა ხანი ხელები გაშალე რომ გაშრესთქო. გავედი ჩემი საქმე გავაკეთე, მერე ყავაც დავლიე სულ გადამავიწყდა ამისი მანიკურები. გავიდა კაი ხანი შევხედე და ხელები ისევ ისე ჰქონდა გაშლილი.
გოგო აქედანვე იცის სილამაზე მსხვერპლს რომ მოითხოვს.
6.
რაღა დროს ფისუნია კატაა წესით პოემები უნდა იცოდეს (ოთხი თვე საერთოდ აღარ ლაპარაკობდა. ფაქტიურად თავიდან აიდგა ენა) მაგრამ ამას კარგი ისტორია აქვს. მოკლედ კაი ხანი ვასწავლიდი ლექსს და არ სწავლობდა. აი ბანზე მიგდებდა ხან რას იგონებდა და ხან რას რომ შევშვებოდი... შევეშვი ვიფიქრე აზრი აღარ აქვსთქო. ერთ მშვენიერ დღეს უყურებს ,,ემილიას" რომელშიც ეს „ემილია ყვება ფისუნია კატას. როგორც კი მორჩა ჩემმა ქალბატონმა ეგრევე თავიდან ბოლომდე გაიმეორა აი ასე. მოდი და ნუ გასკდები გულზე.
7.
მივდივართ ქუჩაში. დაინახა მანდარინის ნაფცქვენები ყრია
-აკრიფე
-ხელები გამესვრება
-აკრიფეე
-არა. დედა მარტო სახლს ალაგებს. წამოდი
-არა აკრიფე (გასვანდა)
მოკლედ სანამ ქუჩაში ის ნაგავი არ ამაკრეფინა ადგილიდან არ დაიძრა.
8.
სანამ კლინიკაში მოვხვდებოდით ჯერ არ იყო ორი წლის. იცოდა მხოლოდ თავისი სახელი. არ ვიცი რატომ მაგრამ ჯერ გვარს არ ვასწავლიდი. კლინიკაში ,,ახვლედიანი"-ს როგორც კი დაიძახდნენ ან ანალიზზე უნდა მიმეყვანა, ან კათეტერი ჩაესვათ, ან საოპერაციოდ, ან ძვალზე უნდა აეღოთ ანალიზი და მოკლედ არაფერი კარგი. შესაბამისად ამ ახვლედიანის გაგონებაზე ელეთმელეთი ემართებოდა და იყო ტირილ კივილი ,,არ მინდა ახვლედიანიიი"... კაი ხანია ,,ეგ" გვარი არ გაეგო. დღეს კლინიკაში მყავდა და იგივე სცენა განმეორდა ახვლედიანიო რომ დაიძახეს.
ასე ადამიანს თავისი გვარი არ უნდოდეს ჯერ არ მინახავს :) არ უნდა და მორჩა
9.
ვასწავლე იატაკზე დაგდებული არის ნაგავითქო... გუშინ სავსე ვაზა შოკოლადი დაებნა იატაკზე აკრიფა, წავიდა და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ხმა არ ამოვიღე მეთქი არ დავაბნიოთქო. დღეს იგივე გაიმეორა შოკოლადების მეორე პარტიას უკრა თავი ნაგვის ყუთში.
აი ასეთი დამჯერე და მოწესრიგებული გოგო მყავს :)
კარინა გრიგორიანი.
ความคิดเห็น