აღმოვჩნდი იაშვილის კლინიკაში ჩემი ორი წლის შვილთან ერთად რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი (ლეიკემია) დაუდგინდა. შოკში ვიყავი, გამუდმებით ვტიროდი, ვერაფერზე ვფიქრობდი... ერთ დღეს შემოვიდა პალატაში ონკო-ჰემატოლოგიის დირექტორი ასმათ შენგელაია და მითხრა: შენ თუ ასე გააგრძელებ იცოდე შენი შვილი არასოდეს გახდება კარად, უნდა აიყვანო თავი ხელში და მიხედო ბავშვს, გარდა ამისა დეპრესია გადამდებია... ასევე აღნიშნა რომ კლინიკაში ჰყავდათ ფსიქოლოგები, რომლებიც ასწავლიან ბავშვებს ხატვას, ძერწვას პლასტელინით, თიხით და სხვადასხვა ხელსაქმეს. იმ წუთას საერთოდ არ მეფიქრებოდა ფსიქოლოგთან სიარულზე, მაგრამ იმას მივხვდი რომ თავი ხელში უნდა ამეყვანა და ბავშვისთვის მიმეხედა. ის სულ რაღაც ორი წლის იყო და ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა. გავიდა 4 თვე (სულ 10 თვე დავყავით კლინიკაში) ბავშვი შედარებით მოძლიერდა, ფეხზე დადგა, პროცედურების შეუალედში გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მიმეყვანა. იქიდან გამომდინარე რომ ის პატარა იყო ყველაფრის გაკეთებაში მე ვეხმარებოდი ( ხატვა ძერწვა და ა.შ.). აღმოჩნდა რომ რაღაცეები მეც გამომდიოდა... ერთ ერთი ფსიქოლოგი, რომელსაც თამუნა ერქვა (სამწუხაროდ გვარი არ ვიცი) მირჩევდა ფუნჯით მეცადა ხატვა. თავიდან მეცინებოდა, მეგონა საერთოდ ვერ მოვახერხებდი ვერაფერს, მერე დავყევი მის ნებას და ბავშვი რომ იძინებდა ჩემთვის რაღაცეებს ვაფერადებდი (ასე ვთქვათ ფუნჯის ხმარებას ვსწავლობდი). სხვა მშობლებისგან განსხვავებით თავისუფალ დროს ყავის სმას ეს საქმე მერჩივნა, თან მივხვდი რომ მამშვიდებდა კიდეც. რასაც ვხატავდი სოციალურ ქსელში ვდებდი, ერთხელ მეგობარმა (ზურაბ ჩილინგარაშვილმა) მომწერა შეეშვი მაგ საქმეს ბავშვს ნუ უხარჯავ საღებავებსო :) . საბოლოოდ კი აღმოვაჩინე რომ რა ,,ხელსაქმესაც" მოვკიდე ხელი ყველაფერი გამომივიდა.
თამუნა კი დარწმუნებული იყო კლინიკიდან რომ გავეწერებოდით აუცილებლად დავიწყებდი ხატვას, რაზეც მეცინებოდა :) როდესაც დაავადება დავამარცხეთ და კლინიკიდან გვწერდნენ, დამშვიდობებისას მოვიდა თამუნა ჩემთან და ფუნჯების შეკვრა მაჩუქა, თან მითხრა რომ გამოფენას ელოდა. სახლში რომ მივედი არაფერი არ მინდოდა ჩემს შვილთან ერთად სახლში ყოფნის და უბრალოდ ცხოვრებით ტკბობის გარდა. შემდეგ რამდენჯერმე შემხვდა კლინიკაში ვიზიტის დროს და სულ მეკითხებოდა ხომ არ ვხატავდი რამე საინტერესოს რაზეც უარს ვეუბნებოდი და მიზეზად დროის უქონლობას ვუსახელებდი... გავიდა რამდენიმე თვე, ვფიქრობ ეს ის პერიოდი იყო როდესაც რეაბილიტაცია მჭირდებოდა. ისევ მომინდა ხატვა, რამე ხელსაქმით დაკავება ( ასევე ვაცნობიერებდი რომ კაი ხანი ვერ ვიმუშავებდი რადგან ბავშვს მიხედვა სჭრდებოდა) და არ ვიცი საიდან, როგორ მოვიდა თავში აზრად მაგრამ გავაკეთე ხის პატარა, ფუნჯით მოხატული მარტივი ჩანთა, რომელიც გახდა ჩემი ,,ბიზნესიდეის" საწინდარი. ვფიქრობ და მეცინება ისეთი უკუღმართი ვარ, ალბათ ასე მძიმე დროს მარტო მე შემეძლო კლინიკიდან რაიმე ახალი ხელობით დაბრუნება. რა გამოვა? არ ვიცი, ვნახოთ მთავარია ბავშვი იყოს კარგად. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ჩემი ხელით ნაქსოვი ჩანთა
მეგობარმა (მარეხ ტატალაშვილმა) მთხოვა ჩანთაზე ნიკალას რამე დამიხატეო. გამეცინა ვუთხარი კარინა ვარ გრიგორიანი ფიროსმანი კი არათქო თუმცა მაინც ვცადე. ახლა უკეთესად ვხატავ ეს პირველი ფოტოა :) მერე მეცინებოდა და საუბრისას ვეუბნებოდი უკვე ისე თვალდახუჭული ვხატავ ჩემი მგონიათქო :დ
კარინა გრიგორიანი.
Comments